16 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ის, რაც უკრაინაში ხდება, რამდენად საფრთხილოა საქართველოსთვის და არსებობს თუ არა საფრთხე - პრემიერის განმარტება

ის, რაც უკრაინაში ხდება რამდენად საფრთხილოა საქართველოსთვის და არსებობს თუ არა საფრთხე - ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება:

"ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება. საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, ეს იყო ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ და რომლის შედეგიც არის ამ ორი ჩვენი ძირძველი, ისტორიული რეგიონების, მხარის, სოხუმისა და ცხინვალის აღიარება, კოდორის ჩაბარება და სხვა უამრავი სოფლების მიტაცება და ოკუპაცია. ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, ეს ყოველივე არის იმ უბედური, ტრაგიკული ომის შედეგი, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ, მაშინ ვერ იქნა თავიდან აცილებული. სხვა დამატებით საფრთხეს, დღეის გადმოსახედიდან, მე ვერ ვხედავ.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე არის უკრაინისთვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში   მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ.  აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა.  მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე“, -  განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები