კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქი თავდაცვის ფაზაზე გადავიდა. როგორც კიევის მერმა ბრიფინგზე განაცხადა, ვითარება რთულია, მტერს დედაქალაქის განადგურება სურს.
მისივე თქმით, უკრაინის არმია უზრუნველყოფს თავდაცვას კიევის გარშემო.
ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა, განსაკუთრებით ობოლონის რაიონის მცხოვრებლებს და მოუწოდა, არ გავიდნენ სახლებიდან ან თავშესაფრებიდან.
"ქალაქი თავდაცვის ფაზაზე გადავიდა. ახლა ზოგიერთ რაიონში ისმის სროლის და აფეთქების ხმა. უკრაინელი სამხედროები ანეიტრალებენ რუსების დივერსიულ ჯგუფებს. სამწუხაროდ, ამ დივერსიული ჯგუფებიდან ზოგიერთმა უკვე შეაღწია კიევში. მტერს სურს, დედაქალაქი დააჩოქოს და გაგვანადგუროს. ვითარება რთულია, თუმცა ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, მხარს ვუჭერთ მათ და ვეხმარებით.
გააკეთეთ წყლის, საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების მარაგები, მოამზადეთ თბილი ტანსაცმელი, საბნები, რათა წაიღოთ ისინი თავშესაფარში," - ურჩია მან მოქალაქეებს.