5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ბრალდებული პირების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
სხდომაზე, ბრალდების მხარე დაზარალებულ პირებს კითხავს. მათ შორის "ფორმულას" ჟურნალისტს რატი წვერავას.
"ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა ამბობს, რომ საქმეში დევს მტკიცებულებები, თუ როგორ ძალადობს მასზე 5-6 პირი, მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთი ადამიანი არის დაკავებული. მისივე თქმით, ადვოკატები ცდილობენ გაურკვეველი მიზეზით გაწელონ პროცესი.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.