07 მაისი 2024,   00:49
ვრცლად
რუსმა მილიარდერმა 1 დღეში 6 მილიარდი დოლარი დაკარგა - ბრიტანელი პოლიტიკოსები რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას ითხოვენ

ბრიტანელი პოლიტიკოსები რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას ითხოვენ. რუსი ოლიგაქრის ბრიტანული ვილა - ბუკინგემის სასახლის შემდეგ, ლონდონში სიდიდით მეორე რეზიდენციას ცნობილი აგრო-მაგნატი ანდრეი გურიევი ფლობს, თუმცა მალე, შესაძლოა, მას ეს ქონება ჩამოართვან.

სულ უფრო და უფრო მეტი ბრიტანელი პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაცია და მათ მდიდრულ სასახლეებში უკრაინელი ლტოლვილები შეასახლონ. ეს იქნება ბრიტანეთის მორიგი და მკაფიო პასუხი რუსეთის აგრესიაზე.

მოსალოდნელი სანქციების შიშით, ლონდონში 275 მილიონ დოლარად შეფასებულ ვილას ყიდის რომან აბრამოვიჩიც. ცნობილი ოლიგარქი, ასევე, აპირებს გაასხვისოს საფეხბურთო კლუბი "ჩელსი", რომელიც რამდენიმე დღის წინ სამართავად საქველმოქმედო ფონდს გადასცა.

ბლუმბერგის ინდექსით, მხოლოდ გასულ 24 საათში რუსმა ოლიგარქებმა 22 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ყველაზე დიდი დანაკარგი კი, ვაგიტ ალეკპეროვმა განიცადა, რომლის ქონება ერთ დღეში 6 მილიარდით შემცირდა. მიმდინარე წელს საერთო ჯამში რუსმა ოლიგარქემა 84 მილიარდი დოლარით იზარალეს. შეერთებული შტატები, კანადა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი – საერთაშორისო სანქციებში უკვე მოხვდა ვლადიმერ პუტინთან კავშირში მყოფი არაერთი მილიარდერი, გაიყინა მათი საბანკო ანგარიშები და ბიზნეს აქტივები. დასავლეთი კოორდინირებულად აპირებს ე.წ. შავი სია კიდევ უფრო გააფართოვოს. მოსალოდნელი სანქციების შიშით ოლიგარქების ნაწილი უკვე ღიად მიმართავს ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მათ შორის არიან საინვესტიციო კორპორაციის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი და ალუმინის მაგნატი ოლეგ დერიპასკა.

მათ, ვინც ჯერ ვერ მოხვდნენ დასავლეთის "შავ სიაში", მოსალოდნელი სანქციების შიშით, უკვე დაიწყეს ქონების გადამალვა. მილიარდერები ცდილობენ, კაპიტალი შედარებით უსაფრთხო ზონაში გადაიტანონ. უკვე დაიწყო რუსი ოლიგარქების მიგრაცია ევროპიდან მალდივის კუნძულებზე. სავარაუდოდ, სწორედ მალდივებისკენ მიემგზავრებოდა ალიშერ უსმანოვის 600 მილიონ დოლარად შეფასებული იახტაც, რომელიც გერმანიამ ჰამბურგში დააკავა.

გლობალურმა სანქციებმა უკვე მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. სანქცირებულია თითქმის ყველა წამყვანი ბანკი, კორპორაცია თუ ჰოლდინგი, მათ შორის გაზპრომი, სბერბანკი, VTB ბანკი, როსნეფტი, აეროფლოტი და ა.შ. რუსულ ბაზარს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ დასავლური კორპორაციები, მათ შორის ცნობილი საავტომობილო გიგანტები. მომავალი კვირიდან კი რუსეთს ჩახსნიან სვიფტის სისტემიდან, რაც რუსეთის მოქალაქეებს უცხოურ ტრანზაქციებს შეუზღუდავს. გერმანიამ ღიად დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო აჩერებს ჩრდილოეთ ნაკადის პროექტს.

ფინანსური კოლაფსის ფონზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გააორმაგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხებზე 20%-იანი განაკვეთი დაწესდა. რეკორდულად უფასურდება რუბლი, რუსეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 23%-ით დაეცა. პუტინმა კი ქვეყნიდან 10 000 დოლარზე მეტი თანხის გატანა აკრძალა. ცხადია ეს გავლენას ახდენს რუსეთის მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე. არაერთ ქალაქში ბანკომატებთან მოქალაქეების გრძელი რიგი დგას, რომლებიც ცდილობენ დასავლეთის მიერ სანქცირებულ ბანკებში შეტანილი ფული გამოიტანონ.

დღის ამბები