05 მაისი 2024,   12:11
ვრცლად
"შენიშვნების გათვალისწინებით, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ რეზოლუციის მიღებას" - ლევან ბეჟაშვილი

სულ ცოტახნის წინ დაიწყო ბიუროს სხდომა, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია უნდა დარეგისტრირდეს - 13 პუნქტიან განაცხადში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. დოკუმენტის შინაარსზე პარტიებს აქვთ შენიშვნები. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ უფრო მკაფიო ტექსტი უნდა გაიწეროს, მათ შორის რეფორმების აუცილებლობის ნაწილში.

"რეზოლუციის ტექსტთან მიმართებაში ორი ამოცანაა - ერთი არის მოწოდება მთავრობის მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის და რეფორმების დღის წესრიგის დაწყების კუთხით და მეორეა ევროკავშირისთვის მიმართვა, რაც არის პოლიტიკური აქტი. ამიტომ, ტექსტთან მიმართებაში ჩვენ გვექნება შენიშვნები და საკომიტეტო მოსმენაზე ამას ვიტყვით. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ რეზოლუცია იყოს მიღებული მრავალპარტიულად,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.

რეზოლუციას მხარს დაუჭერს "გირჩიც", თუმცა, მისი წარმატების იმედი არ აქვს.

"რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, უბრალოდ, პარალელურად ვხედავთ რა საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრულ ნაბიჯებს, ნაკლები მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ტექსტთან თუ რამე შენიშვნა მექნება, იქნება ის, რომ უფრო მეტად უნდა იყოს ხაზგასმული უკრაინის ფაქტორზე და იმაზე, რომ ჩვენც იმიტომ შეგვაქვს დაჩქარებულად, არა იმიტომ, რომ კანონმდებლობა მოვიყვანეთ შესაბამისობაში და ა.შ. არამედ შანსი გაჩნდა უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე,"-აცხადებს "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, რეზოლუციას მხარს დაუჭერენ.

"ოპოზიცია, ბუნებრივია, ჩაერთვება ამ განხილვებში, რადგან ჩვენი ინიციატივა იყო ამ რეზოლუციის დაჩქარებული წესით მიღება. ბუნებრივია, გვექნება შენიშვნები, რომელიც ეხება საპროგრამო დებულებებს ასევე თარიღებს, მთავრობის ვალდებულებებს. ამ შენიშვნების გათვალისწინებით, ბუნებრივია, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ რეზოლუციის მიღებას,"-აცხადებს ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი.

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია და ეს უახლოეს დროში არ მოხდება.

"ეს რეზოლუცია კომპლექსურად ითვალისწინებს მთელ რიგ საკითხებს, რაც ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსი და ა.შ. გასაკეთებელია ამ ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით. ჩვენ ვთხოვეთ ოპოზიციასაც, რომ ოპოზიცია ყოფილიყო ჩართული. ყველა ასეთი შანსი დამოკიდებულია კომპლექსურ საკითხებზე - როგორ მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით რეფორმები, როგორია საერთაშორისო მდგომარეობა და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება. ასე რომ, შანსი არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის 1, 2 ან 3 წლის საკითხი, ეს არის დროში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი,"-ადებს ქადაგიშვილი.

დღის ამბები