02 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი კონსტიტუციის მიხედვით უნდა თანხმდებოდეს მთავრობასთან - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ნებისმიერ შეხვედრა კონსტიტუციის მიხედვით, უნდა თანხმდებოდეს ქვეყნის მთავრობასთან. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს, პრემიერის თქმითვე, საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი.

"ერთ დავამატებ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე და პირველ რიგში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გვევალება, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი - კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი, მით უმეტეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ამდენი გამოწვევა და პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალური ეკონომიკური პრობლემები, ტერიტორიული პრობლემები თუ სხვა რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები და ამ დროს გვიწევს ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი და ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია.

როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი, მე მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვები მოიხსნება. 

რატომ არ მისცა მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა, ამაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს. საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი არის ვალდებული, რომ საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან. ანუ, მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს.

მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე და მთავრობის ყველა წევრს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებდი, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და განახორციელებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერ შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობასთან. აქ ყველაფერი ნათელია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.  

 

დღის ამბები