პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოიხსნა და ამოქმედდა ყვითელი დონე, რის გამოც, შენობაში შესვლა შეიზღუდა. გაუქმდა დღეს დაგეგმილი პლენარული სხდომა, შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენაც გადაიდო. ილია დარჩიაშვილი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში იყო მიწვეული.
პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაზიანდა შენობა და ინფრასტრუქტურა, რის გამოც, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიცია. როგორც "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის უკანა შესავლელთან, ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" "კალენდარული დღეებიც მოიპარა და მთელ საქართველოს 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს".
"ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, ფაქტობრივად, გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის შეფასებით კი, ამ მოწვევის პარლამენტს დალაგება აღარ უშველის, რადგან ბევრი რამ არის გადასალაგებელი.
"თურმე, დასალაგებელია ცალკეული სივრცეები პარლამენტის, თუმცა, ის რაც პარლამენტში ხდება, დალაგებას აღარ ექვემდებარება. ამას დალაგება არ შველის, ამას გადალაგება უნდა, გატანა უნდა ნაგავს და ჩვენ, ქართველი ხალხი და პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია ამას ამ შემოდგომაზე მოვახერხებთ," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.