07 მაისი 2024,   05:59
ვრცლად
ოპოზიცია "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს დესტრუქციულს უწოდებს, მმართველი გუნდის თქმით კი, ცვლილება კანონის გაუმჯობესებას ემსახურება

რატომ შედის "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები? - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიდან გამომდინარეობს და მიზანი პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩარჩოებში მოქცევას ითვალისწინებს.

"ლელოს" წევრის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი აბსოლუტურად დესტრუქციული ნაბიჯია.

"ამაზე უარეს დროს, ასეთი თემის გაცოცხლებას მტერი ვერ მოიფიქრებდა. ახლა საჭიროა ისეთი თემების წინ წამოწევა კი არა, რომელიც მეტად დაგვაპირისპირებს, არამედ ისეთი საკითხების წამოწევა, რომელიც ერთად დგომას შეგვაძლებინებს. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი აბსოლუტურად დესტრუქციული ნაბიჯია, ინიცირებული ყველაზე შეუსაბამო დროს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით კი, რუსეთ-უკრაინის ომისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მმართველი პარტია წვრილმანი პოლიტიკური კინკლაობისთვის დროს პოულობს.

"მსოფლიო ლამის მესამე მსოფლიო ომშია ჩართული. ამხელა გეოპოლიტიკური პრობლემები გვაქვს და "ქართულ ოცნებას" სცალია წვრილმანი პოლიტიკური კინკლაობისთვის მათ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტთან მიმართებაშიც. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ იმდენად არასწორ გზაზე დგას "ქართული ოცნება", მათი თანამონაწილეობით არჩეული პრეზიდენტი ვერ იზიარებს თავიდან ბოლომდე მათ პოზიციებს. იქნება ამაზე განხილვა პარლამენტში და ძალიან მაინტერესებს როგორ დაასაბუთებენ," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ოპოზიციის მოსაზრებას არ ეთანხმება "ქართული ოცნება." საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თქმით, პარლამენტში შეტანილი პროექტი, კანონის გაუმჯობესებას ემსახურება.

"ოპოზიცია თუ სამართლებრივი გზებით დაურეგულირებელი საკითხების დარეგულირების მცდელობას ვინმეს დასჯად აღიქვამს, ეს ძალიან ცუდია და მათი პრობლემაა. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას რომ ამ შემთხვევაში ამ საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად, რა შესაძლებლობებიც გაჩნდება, რომ კონსტიტუციური მართლმსაჯულების გზით რომ დადგინდეს დადგინდეს საკითხები, რომელიც კარგად არის აღწერილი წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ვფიქრობ რომ ეს არის ჭიქაში ქარიშხლის შექმნის მცდელობა. არ მგონია, კანონპროექტის გასაკრიტიკებლად საგნობრივად სწორი არგუმენტები ჰქონდეთ შერჩეული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 22 მარტის სხდომაზე წარედგინება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ "მოქმედება/უმოქმედობის" საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

დღის ამბები