02 მაისი 2024,   22:08
ვრცლად
როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია, უმჯობესია მოხდეს მყისიერი რეაგირება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და ასევე სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელსაც უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ ამზადებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ანგარიშსწორებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან არ მოხდება არავის დასჯა თუ სანქციების შეფარდება.

"გაჩნდა სამწუხარო ტენდენცია, საუბარია კონსტიტუციის დარღვევის ტენდენციაზე, აქ არ არის საუბარი რაღაც მარტივ მოვლენაზე. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს კონსტიტუციის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ელჩების დანიშვნის საკითხს, ისე ვიზიტებს და სხვა თემებს, პარლამენტში სტუმრების შემოყვანა და ა.შ. როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია, ამაზე უმჯობესია მოხდეს მყისიერი რეაგირება. სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც წარედგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

რაც შეეხება ანგარიშსწორებას - ანგარიშსწორება შეიძლება დაარქვა ისეთ რამეს, რაც ითვალისწინებს ვინმეს დასჯას, სანქციის შეფარდებას და ა.შ. ამ შემთხვევაში, არავის დასჯა არ მოხდება, არც სანქციის შეფარდება, არც რაიმე რეპრესიული ზომა იქნება ვინმეს მიმართ გამოყენებული. ერთადერთი, რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო, არის ის, თუ ვის ეკუთვნის ელჩის დანიშვნის კომპეტენცია პრაქტიკული თვალსაზრისით. შესაბამისად, ანგარიშსწორებაზე საუბარი ზედმეტია და ეს არის მხოლოდ სპეკულაცია, რასაც მიმართავენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 
დღის ამბები