"საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა" - ამ სათაურით გამოაქვეყნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მეთიუ მილერის განცხადება. დეპარტამენტის პრესსპიკერი დაუფარავად ამბობს, რომ მისი აზრით, კანონპროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა მეორე მოსმენით დაამტკიცა, კრემლის მიერ არის შთაგონებული.
"საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები კი შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან." სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების სულისკვეთებას იზიარებს საქართველოში ამერიკის ელჩიც. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან - ეს რობინ დანიგანის სიტყვებია. დღესვე, ამერიკის ელჩმა თქვა, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე - შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე.
ამერიკელი პარტნიორების გზავნილებს იზარებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ შემდეგი ნაბიჯი სავარაუდოდ, კონკრეტული პირების დასანქცირება იქნება.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პარტნიორების მოსაზრებას ითვალისწინებენ, თუმცა პრიორიტეტი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებია. უმრავლესობის წევრების განცხადებით, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი.
კრიტიკული გზავნილი ჩამოიტანა თბილისში ევროკომისიის წარმომადგენელმაც. სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
თბილისის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციებს ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა, რომ ის გმობს თბილისის ქუჩებში ძალადობას, რადგან ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი მათი ქვეყნისთვის. საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს და საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს.
ევროკომისიის პრეზიდენტს ღია წერილით უპასუხეს საქართველოდან. ხალხის ძალის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ურსულა ფონ დერ ლაიენს სულაც არ უფიქრია აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების დაგმობა. მის წერილში ნათქვამია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის მთავარი მიზანი ვითარების დაძაბვა იყო.
დღესვე, სამმა ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა, მარინა კალიურანდმა და დევიდ მაკალისტერმა ერთობლივი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს და თბილისის ქუჩებში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს. ევროპარლამენტარებმა ასევე შეშფოთება გამოხატეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირების გამო, რადგან მათი მოსაზრებით, დამტკიცების შემთხვევაში კანონი შეაფერხებს პროგრესს ევროკავშირისკენ.