საქართველოში Rakuten Viber შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის - ის ლიდერი კომპანიაა კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში. საქართველოში კი მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს პირადად შეხვდა და მასთან საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის საქართველოში საქმიანობის მიმართულებები განიხილა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, თბილისის ოფისში, რომელიც უკვე დაფუძნებულია და ოპერირებს, პირველი ეტაპისთვის 50-მდე თანამშრომელი დასაქმდება.
"ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მათ შორის ქართველი IT სპეციალისტებისთვის, ინჟინრებისთვის, რომ იმუშაონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია გლობალურ კომპანიაში," - განაცხადა მან.
კომპანიის Rakuten Viber კვლევებისა და განვითარების დირექტორი სლავ ბენ არიმ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თბილი დახვედრისთვის. ვაპირებთ, გავაფართოვოთ ჩვენი ბიზნესი საქართველოში. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს პროდუქტზე მუშაობის გაგრძელებას და ადგილობრივი ნიჭიერი სპეციალისტების დასაქმებას. საქართველოში ლიბერალური საგადასახადო გარემოა, რაც ძალიან კარგია კომპანიის განვითარებისთვის. წლის ბოლომდე ვაპირებთ 50 ადამიანის, უმეტესად დეველოპერების დასაქმებას," - აცხადებს სლავ ბენ არი.