18 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და  თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სოლიდარულად დაეკისრათ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სამინისტროს სასარგებლოდ. 

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე  წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია „GIRWOOD BUSINESS CORP”- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები