27 აგვისტო 2026,   16:55
ვრცლად
"მე-4 და მე-7 ბაზები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ცხინვალიდან და აფხაზეთიდან , უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს" - უკრაინის გენშტაბის სპიკერი

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინული მხარის ინფორმაციით 145 ბავშვი დაიღუპა. პროკურორის ოფისის თანახმად, რუსი სამხედროების სამიზნედ იქცა 790 სასწავლო დაწესებულება. მათგან სრულად დანგრეულია 75. 

მოსკოვის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება. ძლიერი საარტილერიო და სარაკეტო იერიშის ხმა ისმოდა კიევში, რუსებმა იერიში მიიტანეს მიკოლაივის რეგიონში ადმინისტრაციულ შენობაზე. დაიღუპა 12 და დაშავდა 33 ადამიანი. ამ დრომდე ეძებენ ოკუპანტების იერიშების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ქალაქ ირპენში. რამდენიმე საათის წინ ოკუპანტებმა ლუჰანსკის ქალაქ ლისიჩანკას საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს, აქაც არის მსხვერპლი. 

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ადამიანური კუთხით რუსეთის საოკუპაციო ძალებს ძალიან გაუჭირდათ. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებს სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოჰყავთ. 

"მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.მე-4 და მე 7 ბაზები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხინვალიდან და აფხაზეთიდან , უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათი საერთო რაოდენობა ჯამში 2000-ია.ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტერი აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს. ქალაქ მელიტოპოლში დამპყრობლებმა აღჭურვეს საგუშაგოები და გააძლიერეს შემოვლითი რეჟიმი.მტერი აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის სახლებისა და ბინების ძარცვას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკავშირეთა ძალებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების ოთხი თავდასხმა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. მტერს მნიშვნელოვანი მსხვერპლი ჰქონდა,"-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ​ სტუპუნი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვი თქმით კი, საკრუიზო რაკეტებმა გაანადგურეს საწვავის დიდი საწყობი რივნეს რაიონის სოფელ კლევანთან.

"მაღალი სიზუსტის საჰაერო გაშვებულმა საკრუიზო რაკეტებმა გაანადგურეს საწვავის დიდი საწყობი რივნეს რაიონის სოფელ კლევანთან. ამ ბაზიდან უკრაინული სამხედრო ტექნიკისთვის საწვავი მიეწოდებოდა კიევის გარეუბნებს. ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩერნობაევკას დასახლების მიდამოში გაანადგურა 3 უპილოტო თვითმფრინავი. ღამის განმავლობაში ოპერატიულ-ტაქტიკურმა თვითმფრინავებმა უკრაინის 68 სამხედრო ობიექტს დაარტყეს,"-აცხადებს იგორ კონაშენკოვი.

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშუკის განცხადებით, დღეს იგეგმება 3 ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედება და ფრონტის ხაზიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ასევე დღეს უკრაინა მარიუპოლიდან მოქალაქეების გამოყვანას გეგმავს და რუსეთს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს.

დღის ამბები