05 მაისი 2024,   11:37
ვრცლად
"საბავშვო ბაღი" თუ "საჭადრაკო სვლა" - როგორ აფასებს ოპოზიცია მთავრობისა და პრეზიდენტის ინსტიტუტებს შორის დაძაბულობას

პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის ურთიერთბრალდებები ქვეყნისთვის დამაზიანებელია - მიაჩნიათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ინსტიტუციური დაპირისპირება გაუმართლებელია.

"განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასეთი მოვლენები ხდება რეგიონში და საქართველო უნდა პოზიციონირებდეს, როგორც ერთიანი სახელმწიფო, ამ დროს საქართველოდან მთავარი ნიუსი გადის ის, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის ინსტიტუციური კონფლიქტი და დაძაბულობა. ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას მოსაზრებით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტის გამომზეურება არც ქვეყნისთვის იქნება კარგი და არც თავად მმართველი პარტიისთვის.

"აშკარად ხიდია ჩატეხილი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და ამას, მოდით, ვუწოდებ საბავშვო ბაღს, რადგან ძალიან რთულია გარკვევა. პრეზიდენტმა თქვა, დავნიშნე ელჩებიო, მეორე მხარეს ამბობენ - არა, ყველა არ დაგინიშნავსო, რაღაც შიდა მიმოწერაზეა საუბარი და ამ ყველაფრის გამომზეურება არ მგონია, რომ ან ქვეყნის, ან თავად მმართველი პარტიის ინტერესებში იყოს და ძალიან რთულ სახეს იღებს ეს ყველაფერი,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია კი კონფლიქტს "ქართული ოცნების" სტრატეგიულ სვლად მიიჩნევს.

"ეს შეიძლება ჩავთვალოთ "ქართული ოცნების" ერთგვარ საჭადრაკო რუკად. ამ სვლის შედეგად, ძირითადი ყურადღება და კრიტიკა გადადის შიდაპოლიტიკურ ამბავზე - ქართული ოცნება მართლა დაპირისპირებულია თუ არა სალომე ზურაბიშვილთან და ა.შ. რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, რეპუტაციული თვალსაზრისით, უფრო ნაკლებად მტკივნეული თემაა, ვიდრე უკრაინის თემაზე დაუსრულებელი დისკუსია, მითუმეტეს, იმ პოზიციით, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ საუბარია დიპლომატების დანიშვნის საკითხზე. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩების ან მისიის ხელმძღვანელების კანდიდატები; რასაც კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.

დღის ამბები