05 მაისი 2024,   03:34
ვრცლად
"ეს უთანხმოება მეტყველებს, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სახელისუფლებო შტოებს საგარეო კურსთან მიმართებაში - ლევან ბეჟაშვილი

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთბრალდებები მათ შორის უთანხმოებას ცხადყოფს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, უთანხმოება პრაქტიკაშიც გამოიკვეთა, თუნდაც მაშინ, როდესაც პრემიერმა პრეზიდენტს ევროპაში გამგზავრების და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის უფლება ოფიციალურად არ მისცა.

"როდესაც ელჩებთან, საგარეო კურსთან მიმართებაში შეთანხმება ვერ ხერხდება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები აქვს სახელისუფლებო შტოს საგარეო კურსთან მიმართებაში და ეს პრაქტიკაშიც გამოიხატება, თუნდაც იმ განცხადებებში, რომელსაც ღარიბაშვილი აკეთებს უკრაინასთან და ევროინტეგრაციის საკითხებთან მიმართებაში, როცა ბლოკავს პრეზიდენტის ვიზიტებს ევროკავშირის ლიდერებთან შესახვედრად, იმისათვის, რომ განიხილოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის საკითხი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში არის განსხვავებული პოზიციები,"-აცხადებს ბეჟაშვილი.

"ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე კი აცხადებს, რომ მასაც ჰქონდა არაოფიციალური ინფორმაცია ელჩების არდანიშვნასთან დაკავშირებით, ამიტომ მთავრობის განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

"12 გაგზავნილიდან 12 დანიშნულია, ეს ნაწილი სწორია, მაგრამ გარდა ამ 12-სა, იქ იყვნენ სხვები, რომლებიც არ არიან დანიშნულები. გუშინ გავრცელდა მთავრობის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე ელჩის კანდიდატურა არ იყო დამტკიცებული პრეზიდენტის მიერ. ამის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია მეც მაქვს, ამიტომ არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო მთავრობის განცხადებაში, თუმცა რაც შეეხება მიმოწერას და ოფიციალურ ნაწილს, ამას, ალბათ თავად მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან გაარკვევენ,"-აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია დიპლომატების დანიშვნის საკითხზე. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩების ან მისიის ხელმძღვანელების კანდიდატები; რასაც კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.

დღის ამბები