02 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილებები ცხინვალის რეგიონის მომავლის შესახებ - ნედ პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2-ის" შეკითხვებს პასუხობს. ცხინვალში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის შესახებ სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა დავით ნიკურაძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ვაშინგტონი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და არც დე ფაქტო ხელისუფლების და არც რუსეთის მთავრობის გადასაწყვეტი არ არის ცხინვალის მომავალი" - ამბობს ნედ პრაისი და აღნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მოსკოვს კი მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ აგრესიას მტკიცე პასუხი მოჰყვება.

"როცა საქმე ეხება საქართველოს და სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე. არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილებები ცხინვალის რეგიონის მომავლის შესახებ, რომელიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ დაკავებას და ანექსიის მცდელობას 2014 წელს, ასევე არ ვაღიარეთ კრემლის ცინიკურ მცდელობა, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რაც წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,"- განაცხადა ნედ პრაისმა.

- როდესაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მდივანმა ნულანდმა ჩვენება მისცა, სენატორმა ბენ კარდინმა იკითხა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. მას აინტერესებდა, როგორ ეხმარება აშშ-ის ადმინისტრაცია ამ ქვეყნებს თავიანთი თავის დაცვაში ყველაზე უარესი სცენარის დროს, თუკი რუსეთი გააგრძელებს აგრესიას ამ ქვეყანაში. ამავე დროს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ წერილი გაუგზავნა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს "არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსის მინიჭების თხოვნით. რამდენად დაუცველები არიან დღეს ეს ქვეყნები რუსეთის სამეზობლოში და გამოჩნდება თუ არა ნატოს "არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსი სახელმწიფო დეპარტამენტის ან თეთრ სახლის დღის წესრიგში?

- უკრაინის წინააღმდეგ პრეზიდენტ პუტინის აგრესიიდან ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ მისი ხედვით რუსეთი სცილდება მის ამჟამინდელ საზღვრებს. ასევე, ძალიან ნათლად ჩანს ჩვენს პასუხში უკრაინაში მის წინასწარ განზრახ, გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ შეჭრის მიმართ, რომ ეს არის ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არ დაუჭერს მხარს. რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფებოდა მოლდოვაში. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ მხარდაჭერა მოლდოვის მთავრობის, ხალხისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტისა დამოუკიდებლობისადმი. იგივე ვრცელდება საქართველოზეც. ქართველ ხალხს რუსეთის აგრესიის და პროვოკაციების შედარებით ახალი მოგონებები აქვს. მათ შორის რუსეთის მხარდაჭერილი ძალების პროვოკაციების, რაზეც ცოტახნის წინ აღვნიშნეთ. ჩვენ განვაგრძობთ ამ ქვეყნებთან გვერდით დგომას. განვაგრძობთ მოსკოვისთვის ძალიან მკაფიო სიგნალების გაგზავნას, რომ მისი მეზობლების წინაშე აგრესია მიუღებელია და მას მოჰყვება მტკიცე პასუხი," - აცხადებს ნედ პრაისი.

დღის ამბები