06 მაისი 2024,   02:10
ვრცლად
ექნება თუ არა ბათუმში მმართველ პარტიას მყარი უმრავლესობა - ზუსტად 12 საათში ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო უბნები გაიხსნება

ხვალ არჩევნებია - ექნება თუ არა ბათუმში მმართველ პარტიას მყარი უმრავლესობა? დილის 8 საათზე ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო უბნები გაიხსნება. შუალედურ არჩევნებზე მოქალაქეებს ბათუმში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

ზღვისპირა ქალაქი საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. პარლამენტში მოსახვედრად კი გამარჯვებისთვის 3 კანდიდატი იბრძვის რუსთავსა და გარდაბანში. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. საარჩევნო პროცესს 4 საერთაშორისო და 49 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.

ბათუმში, "ქართული ოცნების" კანდიდატი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძეა. ის გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას ელოდება. "ნაციონალური მოძრაობიდან" მათე ფუტკარაძე იბრძვის. ოპოზიციის კანდიდატი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. თუმცა განცხადება გააკეთეს მისმა თანაგუნდელებმა.

ბათუმში გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი და ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებს ელოდება. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ამ თემაზე დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა. მამუკა მდინარაძე სამართალდამცველებს მოუწოდებს კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ყველა, ვინც ხვალ ეცდება, საარჩევნო პროცესს ხელი შეუშალოს.

ბათუმის გარდა არჩევნები ტარდება რუსთავსა და გარდაბანში. მმართველი გუნდიდან გამარჯვებისთვის ირაკლი შატაკიშვილი იბრძვის. მისი კონკურენტები კი "სოციალური სამართლიანობისთვის" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე და საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიიდან კამალ მურადხანოვი არიან.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია არჩევნების გამჭვირვალედ და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად მზად არის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა და შემდგომ შედეგების დათვლა ელექტრონული სისტემით მოხდება.

ბათუმის მე-4 საარჩევნო უბანზე 20 202 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება რუსთავსა და გარდაბანს, ხვალ საკუთარ არჩევანს 139 988 მოქალაქე გააკეთებს.

დღის ამბები