ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. 23-ე საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, ცესკო-ს ვერიფიკაციის აპარატს პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ამომრჩეველთა სიის ამობეჭდვა ვერ მოხერხდა. პრობლემა 40 წუთში მოგვარდა.
პარალელურად პირველი განცხადებები უკვე კეთდება პოლიტიკური პარტიებში, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არჩევნების პირველ საათებს აჯამებენ.
"ეს არის ყველასათვის ნაცნობი საარჩევნო უბანი , სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაემატა არჩევნებამდე სულ ცოტა ხნის წინ. ხელისუფლება ცდილობს რომ ტყუილი დაპირებებით გაგრძელებული საქმიანობა ამ უბანზე დააგვირგვინოს. ეს უკვე იმ თავითვე კანონდარღვევა იყო, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ადამიანები ასე უცებ მოხვდნენ სიაში და 10 წელი არავის არ ახსოვდა ისინი. ვნახოთ დავაკვირდებით პროცესებს და რა თქმა უნდა რეაგირება გვექნება ყველაფერზე. არავინ არაფერ პროვოკაციას არ გეგმავს. ჩვენ ვგეგმავთ იმას, რომ დავიცვათ თითოეული ხმა, რომელიც იქნება აქ თითოეული ადამიანისგან მიცემული," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი.
საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია ქართული ოცნება. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატის მოსალოდნელ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან ოპოზიციაშიც, ამიტომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პროცესის ხელის შესაშლელად პროვოკაციებს არ გამორიცხავს:
"საკმაოდ მაღალი აქტივობაა და რა თქმა უნდა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს, ბატონი რამაზი არის ძალიან ღირსეული ადამიანი, მას დიდი დამსახურება აქვს ბათუმელების წინაშე.
ზოგადად რამე არსებით დარღვევებს არ ჰქონია და მშვიდ გარემოში თანმიმდევრულად ჩატარდება დღევანდელი დღე.
პროვოკაციის მოწყობის მცდელობები იქნება და ამაში დარწმუნებულები ვართ ჩვენ ამასთან დაკავშირბით გავაკეთეთ განცხადებები. ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან ზუსტი და ნათელი წარმოდგენა, რომ ის აგებს ამ სამაჟორიტარო ოლქს და შესაბამისად მათი მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები. როგორც ვიცით მათ მოვლენილი ჰყავთ აქ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც დახელოვნებულები არიან პროვოკაციებში," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.
ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძვის.
ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება.