03 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
მოვუწოდებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გამოგზავნონ მისიები, უზრუნველყონ ომის დანაშაულის მტკიცებულებების შეგროვება - კულება

ბელარუსის საზღვართან მდებარე მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს კონტროლი დაიბრუნეს. რთული ვითარება რჩება კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ მიკოლაევზე მიიტანეს ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბუჩა არის ის ადგილი, საიდანაც ყველაზე მძიმე ისტორიებს ჰყვებიან როგორც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები.

უკრაინაში შეჭრიდან 39-ე დღეს რუსეთმა დიდი ქალაქების დაპყრობა ვერ შეძლო, თუმცა ამ დროის განმავლობაში ომის დანაშაულის და სისასტიკის ფაქტები მრავლად დაგროვდა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის ჯარმა უკან დაიხია.

უკრაინის ხელისუფლება გაუპატიურების, წამების და მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვს. ამავე მოწოდებებით დასავლური სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც გამოდიან. პარალელურად არ წყდება სარაკეტო იერიშები ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ქალაქებში.

"მათ უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა და მსოფლიომ უნდა დასაჯოს რუსეთი მათი ბარბაროსული სისასტიკის გამო უკრაინაში. რუსეთი "აისისზე" უარესია. ასობით დაღუპულია და ჯერ კიდევ არ არის ზუსტი მონაცემი. გვამები ქუჩაში ყრია. მათ მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს. ისინი არ იყვნენ პარტიზანები, არ ეწინააღმდეგებოდნენ.

მე მოვუწოდებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოგზავნონ თავისი მისიები ბუჩასა და სხვა ქალაქებში, უკრაინელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობით უზრუნველყონ ომის დანაშაულის მტკიცებულებების შეგროვება. ეს მტკიცებულებები დამატებით შეიძლება იყოს გამოყენებული, რათა ამ სისასტიკის ჩამდენები აუცილებლად დაისაჯონ," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება.

ამ დროისთვის კიევის ოლქის ყველა ქალაქი გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისგან და ყველა მათგანს აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები.

დღის ამბები