27 აგვისტო 2026,   18:55
ვრცლად
"მთელი ევროპული პროექტი რუსეთის სამიზნეა, ეს არის ჩვენი თავდაცვის 45-ე დღე" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის დედაქალაქში რისკები მცირდება, თუმცა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში დაძაბულობა მატულობს. ქვეყანა ახალი მძიმე ბრძოლებისთვის ემზადება, მათ შორის, დონბასში. გრძელდება საჰაერო და საარტილერიო იერიშები.

განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის თქმითაც რუსეთის სამიზნე არის არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა, ამიტომ, მის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.

"ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიციის ამოცანა საკმაოდ ნათელია - რაც შეიძლება მალე დაასრულოს რუსეთის მიერ დაწყებული ომი, გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა დამპყრობლებისგან და უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტია, შესაბამისად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატია და თავისუფლება. ამიტომ, ეს არა მხოლოდ ყველა დემოკრატიის, ყველა ევროპული ძალის მორალური ვალდებულებაა - მხარი დაუჭირონ უკრაინის მშვიდობის სურვილს. ეს, ფაქტობრივად, ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს თავდაცვის სტრატეგიაა- რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს მშვიდობა და უსაფრთხოება. რაც შეიძლება მალე აღდგეს საერთაშორისო სამართლის ძალა და აღკვეთოს ძალის კანონის გამოყენებით გამოწვეული კატასტროფა.

კატასტროფა, რომელიც აუცილებლად ყველას დაატყდება თავს, რადგან რუსული აგრესია მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლებოდა. მთელი ევროპული პროექტი რუსეთის სამიზნეა. ეს არის ჩვენი თავდაცვის 45-ე დღე. შეეძლო მოსკოვს ეფიქრა, რომ ასეთი მოვლენები კიევში მათი შემოსევიდან 45-ე დღეს მოხდება? არა, ვერც კი წარმოიდგენდნენ. და ჩვენ ეს რეალობად ვაქციეთ,"-განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ შეტევების ნაწილი მოიგერიეს, მათ შორის, გაანადგურეს თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ფრთოსანი რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები, თუმცა, ამის მიუხედავად, ზარალი კვლავ დიდია. მათ შორის, მორიგ ჯერზე დაიბომბა ხარკოვი.

"რუსეთის სამხედრო შემოჭრაზე უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 46-ე დღეა. მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ის ცდილობს გაარღვიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების თავდაცვა ქალაქ იზიუმის მიმდებარედ და დაამყაროს სრული კონტროლი ქალაქ მარიუპოლზე. ასევე, ოკუპანტები ცდილობენ გაიუმჯობესონ ტაქტიკური პოზიციები ნიკოლაევის მიმართულებით. მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას, ადგილზე გრძელდება დაბომბვები. ამ მიმართულებით პოზიციების გასამყარებლად, ოკუპანტებს დამატებითი შენაერთები გადაჰყავთ იზიუმში. ლუგანსკის ოლქში გაძლიერებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების ძალისხმევა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის იძულებით მობილიზების მიზნით,"- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტუპუნი.

დღის ამბები