07 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
"ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ამას ვერ შეცვლის ვერც "არჩევნები" და ვერც უკანონო "რეფერენდუმი” - აშშ-ს საელჩო ცხინვალის რეგიონზე

ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც "არჩევნები" და ვერც აპრიორი უკანონო "რეფერენდუმი”, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი ომი უკრაინაში და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს. შესაბამის განცხადებას უწყება "ტვიტერში" ავრცელებს.

"ლიეტუვა უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,"- ნათქვამია საგარეო უწყების წერილში.

ე.წ. არჩევნებს ეხმაურება და არ აღიარებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. "ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ,"- ნათქვამია პოსტში.

დღის ამბები