07 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ახალ ეტაპზე გადადის - რას ეხება და რისი წინაპირობაა კითხვარი, რომელსაც ქვეყანა ხვალ მიიღებს

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადადის. ხვალ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცემა. კითხვარს ქართულ დელეგაციას საგარეო საკითხებში ევროკომისარი ლუქსემბურგში გადასცემს, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება. ამ კითხვარის შინაარსი ეხება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, პოლიტიკური, სამართლებრივი, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომლის დადებითი შეფასება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა უნდა გახდეს. 

საკითხს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში მოვლენას დადებითად აფასებენ, თუმცა, "გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით, კითხვარის შევსებაზე დიდი იმედების დამყარება არ ღირს.

"ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ამ ეტაპის გავლაც თავის მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ამ პროცესში, არამედ ბოლო პერიოდში არაერთხელ დადგა საკითხი, რომ უნდა გავერთიანდეთ პოლიტიკური სპექტრი, ისეთი საფრთხეები არსებობს ქვეყნის წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ჯერობით, ამას ვერ ვახერხებთ. მე კითხვარს ვერ მივანიჭებდი იმხელა მნიშვნელობას, რომ ის ამას შეძლებს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტიური ნაბიჯია, რომ იმ ჯგუფში ვართ, რომლის საკითხსაც ახლა ევროპაში განიხილავენ,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი ფიქრობს, რომ საკითხი უნდა იყოს გამჭვირვალე და პროცესში ყველა დაინტერესებული პირი უნდა ჩაერთოს.

"პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. შეიძლება პროცესი აჩქარდა, მაგრამ დემოკრატიის მიმართულებით, საქართველოსთან დაკავშირებით თვალს არავინ დახუჭავს, ამიტომ ჩვენ ინტეგრაციისთვის აუცილებლად მოგვთხოვენ დემოკრატიის ევროპულ სტანდარტს და, რა თქმა უნდა, ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესი, რომ ეს სტანდარტი დააკმაყოფილოს. თუ გვინდა დაცული ცხოვრება, მშვიდობა, განვითარებული ქვეყანა, ეს აუცილებელია საქართველოსთვის,"-აცხადებს მანჯგალაძე.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, კითხვარის შინაარსი გადაწყვეტს, თუ ვინ მიიღებს მის შევსებაში მონაწილეობას.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც გახსნის საქართველოსთვის გზას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კითხვარის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყდება, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას მის შევსებაში, ქვეყნის ამოსავალი წერტილი და მიზანია, კითხვარი რაც შეიძლება სწრაფად და სრულყოფილად შეივსოს,"-აცხადებს ის.

ამ ეტაპის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი.

"ღრმად ვართ დარწმუნებული, ეს იქნება წარმატებული პროცესი და მას მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. შემდგომ უკვე იწყება ძალიან მნიშვნელოვანი, სრული ინტეგრაციის პროცესი, როდესაც ამ პროცესის საბოლოო შედეგი უკვე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ჩვენ ს ქვეყანას ვუსურვებ წარმატებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, ჩვენი ეროვნული ბრძოლის შინაარსის შედეგი - საქართველო გახდეს ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი,"-აცხადებს მათიკაშვილი.

 
დღის ამბები