20 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
შესაძლოა, რუსეთმა განახორციელოს პროვოკაციული ქმედებები დნესტრისპირეთის რეგიონში, რათა დაადანაშაულონ უკრაინა მეზობელი სახელმწიფოს მიმართ აგრესიაში - უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია, განგაშის და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სხვადასხვა ქალაქში. ხარკოვზე რუსების თავდასხმებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 11 მოქალაქე.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს. ლუგანსკის ოლქში სრულად განადგურებულია კრიტიკული და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. დაბომბილია ოლქის ყველა ქალაქი. ღამის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა რკინიგზის სადგურს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მომხდარის ზუსტი ადგილმდებარეობა არ სახელდება.

მარიუპოლში რუსული არმია ევროპის უდიდესი ქარხნის, აზოვ-სტალისა და საზღვაო პორტის ტერიტორიებზე იერიშს განაგრძობს. ღამით აფეთქების ხმა ისმოდა მიკოლაივშიც. დაშავდა ერთი ადამიანი.

"რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელდება. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ოკუპანტები შეეცდებიან შეტევის განახლებას. გარდა ამისა, მტერი აგრძელებს პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის მომზადებას და გაგზავნას უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელონ პროვოკაციული ქმედებები მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, რათა დაადანაშაულონ უკრაინა მეზობელი სახელმწიფოს მიმართ აგრესიაში. აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას და ქალაქის ზოგიერთ რაიონში საარტილერიო დაბომბვა გრძელდება. დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს რამდნიმე დასახლებაზე კონტროლის აღებაზე, ასევე ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე. მტერმა სცადა შტურმი გოლდენში, მაგრამ უშედეგოდ. ქალაქ მარიუპოლში, არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით, ოკუპანტები აგრძელებენ აზოვსტალის ქარხნისა და საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიებზე შეტევას," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გეშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტუპუნმა.

თავის მხრივ განცხადებას აკეთებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

"რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ 86 სამხედრო ობიექტს დაარტყა. რუსეთის ფედერაციის დაზვერვამ გამოავლინა უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემების მდებარეობა. მიკოლაივის ოლქის სოფელ სტარობოგდანოვკას მიდამოსა და ჩუგუევის სამხედრო აეროდრომზე მაღალი სიზუსტის საჰაერო რაკეტებმა დაზვერვით იდენტიფიცირებული უკრაინული S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემების გამშვები მოწყობილობები გაანადგურეს," - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვიმ.

დღის ამბები