05 მაისი 2024,   12:28
ვრცლად
ციხესიმაგრედ ქცეულ ქარხანას მარიუპოლში რუსებმა ცეცხლი ყველა სახეობის იარაღიდან გაუხსნეს, თუმცა უშედეგოდ - აზოვსტალს ასობით ბავშვი, ქალი და მოხუცი აფარებს თავს

ქალაქი, რომელიც აღარ არსებობს - რუსეთმა გადაწყვიტა, გაანადგუროს ისიც კი, რაც მარიუპოლის ორთვიან ალყას გადაურჩა. ამ წუთებში ბრძოლები მიდის ქალაქის ზღვისპირა ნაწილში, ინტენსიურად იბომბება აზოვსტალიც.  

ულტიმატუმის მიუხედავად, რუსებს არ ნებდება არც ბატალიონი "აზოვი" და არც 36-ე საზღვაო ბრიგადა, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავენ მარიუპოლში დარჩენილ მოქალაქეებს. ეს არის მსოფლიო ისტორიის ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა. ქალაქში არ შედის არანაირი დახმარება. მოსახლეობის ნაწილი კი იძულებით გაჰყავთ რუსეთში.

უკრაინული დაზვერვა აცხადებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ალყა გაირღვევა, თუმცა ჯერ მარიუპოლს უკიდურესად უჭირს.

რუსული სისასტიკე პირდაპირ ეთერში - რუსი პროპაგანდისტები აღარ მალავენ, რომ მათი ავიაცია მარიუპოლში საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს და მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს.

ვინც რუსულ რაკეტებს და ტყვიებს გადაურჩა, ახლა ბატალიონ "აზოვთან" და საზღვაო ქვეითებთან ერთად ქარხანა აზოვსტალის თავშესაფარში იმალება, საუბარია ასობით ბავშვზე, ქალსა და მოხუცზე. დღეს დილიდან ციხესიმაგრედ ქცეულ ქარხანას რუსულმა არმიამ ცეცხლი ყველა სახეობის იარაღიდან გაუხსნა, თუმცა უშედეგოდ.

ერთადერთი, ვისაც ოკუპანტები ერევიან, დაუცველი მოსახლეობაა, რომელსაც რუსეთის არმია ცოცხალ ფარად იყენებს. ქალაქი გვამებითაა მოფენილი. ოკუპანტებმა მარიუპოლში 22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 27 ათასი კი რუსეთში გაციმბირების მოლოდინშია. 

ქალაქში, რომელიც აღარ არსებობს, გადარჩენილები წყლისა და საკვების გარეშე დარჩნენ, ვინაიდან მარაგები სრულად ამოიწურა. ჰუმანიტარული კორიდორებიც აღარ არსებობს. რუსულ რაკეტებსა და ტყვიებს გაქცეული ადამიანები ახლა საზღვაო ქვეითებთან და აზოვის ბატალიონის წევრებთან ერთად ქარხანა "აზოვსტალს" აფარებენ თავს.

ოკუპანტები დაკავებულ მარიუპოლელებს აიძულებენ, მათი მტრების მსგავსად, მარჯვენა ფეხსა და მარცხენა მკლავზე რუსი ჯარისკაცების თეთრი სამკლაურები გაიკეთონ. შემდეგ მათ საცეცხლე წერტილებში უშვებენ. ამუშავებენ ცხედრების შესაგროვებლად. საკვებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევენ, თუკი ისინი მასობრივ საფლავებს გათხრიან.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქის შესასვლელ-გასასვლელები უკვე ჩაკეტეს. ალყაში მოქცეულ უბნებს შორის და ქუჩაში გადაადგილება ახლა მხოლოდ საშვებით არის შესაძლებელი, რომლის ასაღებადაც ასობით მოქალაქეს რიგში დგომა უწევს.

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში სპეციალური რეჟიმი მას შემდეგ დააწესეს, რაც ქალაქის უკრაინელი დამცველებისგან იარაღის დაყრაზე უარი მიიღეს. 

არავინ იცის, ზუსტად რამდენი შეიწირა რუსულმა აგრესიამ ქალაქში. მარიუპოლის მერის ინფორმაციით, შესაძლოა დაღუპულთა რაოდენობა 22 000-მდე იყოს. გადარჩენილებს - დაახლოებით 20 000-ზე მეტ მოქალაქეს, ოკუპანტები რუსეთში გადასახლებისთვის ამზადებენ, მანამდე კი ისინი სპეც ბანაკებში ჰყავთ დატყვევებული.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში კარგად ნაცნობ ტაქტიკას იყენებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ უკრაინელების თავდადებამ ოკუპანტებს საქმე გაურთულა, პუტინს გეგმა ჩაუშალა და მისი სამხედროების წინსვლა შეაფერხა.

დღის ამბები