02 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
მარიუპოლისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის დაზვერვის განცხადებით, რუსების მხრიდან "აზოვსტალის" შტურმია მოსალოდნელი

მარიუპოლი ისევ არ ნებდება. ქალაქის მცველები "აზოვსტალის" ქარხანაში რჩებიან, პარალელურად მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები. უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ პუტინის მიერ ბრძანების გაუქმების მიუხედავად, რუსების მხრიდან "აზოვსტალის" შტურმი მოსალოდნელია. რუსეთი იქ ეროვნული გვარდიისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების გასაგზავნად ემზადება.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმაც. ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები გამიზნულად არ უშვებენ ქარხანაში მყოფ სამოქალაქო პირებს, რათა ამით ქალაქის მცველებზე დამატებითი ზეწოლა მოახდინონ და მათ დანებება აიძულონ.

პარალელურად, უკრაინა მოქალაქეების იძულებით გადასახლებასა და მათთვის პასპორტების ჩამორთმევაზე საუბრობს.

"ბრძოლა ქალაქ მარიუპოლისთვის გრძელდება. ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა აზოვსტალის ქარხნისთვის, სადაც ჩვენი დიდებული დამცველები არიან გამაგრებული. მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები ქალაქის ცენტრში. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ რეგიონის ნახევარზე მეტი და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა ამჟამად ოკუპირებულია. მაგრამ ჩვენ ვხვდებით, რომ ძირითადი თავდასხმითი ოპერაციები მიმდიანრეობს რუსეთის ფედერაციის რეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ. 24 თებერვლამდე რეგიონში, მათ შორის მარიუპოლში მუდმივად ცხოვრობდა 1 670 000 ადამიანი. აქედან გამომდინარე, რეგიონის დიდ ქალაქებში რჩებოდა მთლიანი მოსახლეობის 35-40%," - აცხადებს დონეცკის გუბერნატორი პავლო კირილენკო. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი კი აცხადებს, რომ ოკუპანტების აქტივობის ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება იზიუმისა და ბარვენკოვოს მიმართულებით და ქალაქ მარიუპოლის გარშემო:

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთ ზონაში, მათი მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარება და ოკუპირებულ ყირიმამდე სახმელეთო დერეფნის შენარჩუნებაა.

ოკუპანტების აქტივობის ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება იზიუმისა და ბარვენკოვოს მიმართულებით და ქალაქ მარიუპოლის გარშემო, ისევე როგორც ზაპოროჟიე-დონეცკის გზატკეცილზე. მტერი ცდილობს გააუმჯობესოს მისი ტაქტიკური მდგომარეობა და გააძლიეროს პოზიციები.დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების 10 თავდასხმა,"- აცხადებს პოლკოვნიკი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ოლექსანდრ მოტუზიანიკი.

დღის ამბები