04 მაისი 2024,   17:04
ვრცლად
დაჭრა მუნიციპალურ ავტობუსში შენიშვნის მიცემის გამო - ვაკეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 21 აპრილს თბილისის ცენტრში, ავტობუსში მომხდარ ინციდენტს.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ სხვა მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ბრალდება სასჯელის და ზომად 7 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. ტრანსპორტში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა. 

დღის ამბები