27 აგვისტო 2026,   16:11
ვრცლად
მარიუპოლი არის კრიზისი კრიზისში, მშვიდობიან მოქალაქეებს სჭირდებათ გამოსაღწევი გზა აპოკალიფსიდან - გაეროს გენერალური მდივანი

კიევში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან, მათ შორის, "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი განიხილეს. ზელენსკის თქმით , "აზოვსტალის" ტერიტორია კვლავ ექვემდებარება ბარბაროსულ დაბომბვას რუსული არმიის მხრიდან. გუტიერეშმა კი განმარტა, რომ აქტიურად განიხილავს მარიუპოლიდან ევაკუაციის გეგმას.

"მინდა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო: ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ ვაგრძელებთ ცეცხლის სრული შეწყვეტის მოწოდებას, ასევე, გავაგრძელებთ დაუყოვნებლივ, პრაქტიკულ ნაბიჯებს სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად. ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები, საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტა, მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაზარალებულებისთვის უსაფრთხო მარშრუტები - დღეს მარიუპოლის მოსახლეობას სწორედ ასეთი მიდგომა სჭირდება. მარიუპოლი არის კრიზისი კრიზისში. ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს სჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება. ბევრ ხანდაზმულს სჭირდება სამედიცინო დახმარება. მათ სჭირდებათ გამოსაღწევი გზა აპოკალიფსიდან.

მოსკოვში ჩემი ვიზიტის დროს, პრეზიდენტი პუტინი, პრინციპში, დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე. უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მე გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ ეს საკითხი და სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, მიმდინარეობს ინტენსიური დისკუსიები ამ წინადადებაზე წინსვლისთვის, რათა ის რეალობად იქცეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რაც შეგვიძლია. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან არ მინდა, ეს შესაძლებლობა გაქრეს, რადგან ჩემი პირველი პრიორიტეტია იმ ხალხის გადარჩენა, რომელიც იტანჯება," - აცხადებს გუტიერეში.

დღის ამბები