მაშინ, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს ხვდებოდა, რუსებმა კიევი დაბომბეს - შევჩენკოს რაიონში, სარაკეტო იერიშის შედეგად 25 სართულიანი შენობის პირველი და მეორე სართულები განადგურდა. დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე. კიევზე სარაკეტო შეტევით შოკირებულია ანტონიო გუტიერეში, გაეროს გენერალურმა მდივანმა უკრაინა უკვე დატოვა. ამ თავდასხმის შემდეგ დედაქალაქში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
25 სართულიანი კორპუსი რუსეთის ძალებმა ღამით დაბომბეს, მაგრამ ის ბოლომდე არ იყო შესახლებული და ადამიანების დიდი ნაწილი შენობაში არ იმყოფებოდა. რაკეტა პირველ და მეორე სართულს მოხვდა, ინფრასტრურქტურის ერთი ნაწილი დაზიანებულია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, განგაშის სიგნალი დაახლოებით დილის 7-ის ნახევარზე გაისმა და 1 საათში აფეთქება მოხდა. ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, მეორე კი ერთ-ერთ ობიექტს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ასეთი თავდასხმა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ვიზიტის ფონზე არის კიდევ ერთი გზავნილი თუ როგორ უყურებს ის საერთაშორისო საზოგადოებას.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტის გასროლა სავარაუდოდ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან მოხდა. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, კიევში დაბრუნება არ იჩქარონ, რადგან ქალაქში ყოფნა უსაფრთხო არ არის.