07 მაისი 2024,   09:03
ვრცლად
არცერთი მოქალაქე არ დარჩენილა და არც მომავალში დარჩება საცხოვრებლის გარეშე - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინელების განთავსებაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უკრაინის მოქალაქეების განთავსების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მზრუნველობის გარეშე უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩება.

"ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობა, აჭარის მთავრობა აკეთებს ყველაფერს რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის და კვებითი მომსახურების გარეშე. პირველივე დღიდან აჭარის რეგიონში შემოსული უკრაინის ყველა მოქალაქისთვის, რომელმაც მოგვმართა თხოვნით, რომ ესაჭიროებოდა დახმარება, იქნა უზრუნველყოფილი. ასევე, შემუშავდა კონკრეტული პროგრამა როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე აჭარის რეგიონის დონეზე, რომლის ფარგლებშიც გამოიყო კონკრეტული ბიუჯეტი უკრაინის მოქალაქეების განთავსებისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად. იმატა მომართვიანობამ, როგორც საზღვრიდან ახლადშემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე გამოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინის თითოეული მოქალაქისთვის მოძიებული იქნას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ის მოქალაქეები, ვინც განთავსებული არიან მაღალი კლასის სასტუმროებში, მათთვის უკვე გამოიძებნა ბინები, ასევე სხვა ტიპის ალტერნატიული საცხოვრებელი ეტაპობრივად იქნება შეთავაზებული. ჩვენთვის უკრაინის თემა არის ძალიან სენსიტიური. ძალიან სოლიდარულად ვართ განწყობილი იმ პროცესების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს შესაძლებლობების ფარგლებში, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. აქტიურად ვართ კომუნიკაციაში იმ მოქალაქეებთან, ვინც განთავსებული არიან როგორც მაღალი კლასის სასტუმროებში, ასევე ზოგადად აჭარაში და ჩვენ მათთან კოორდინაციაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არც ერთი უკრაინის მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე" - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ.

დღის ამბები