15 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
საერთაშორისო თანამეგობრობის უწვავესი განცხადებები რუსეთის მიმართ - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმეს

 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ბრიტანეთის ელჩმა ბარბარა ვუდვორდმა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს გაახსენა ის წამოცდენა, რომელიც აქამდე რუსი დიპლომატისთვის საჯაროდ არავის შეუხსენებია. საქმე ეხება აპრილის დასაწყისში, რუსეთის ელჩის მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციას, რომელზეც მას დაავიწყდა, რომ მოსკოვი უკრაინაში დაწყებულ ომს არა "ომს", არამედ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და წამოცდა, რომ  ეს ომია და ომში მშვიდობიანი მოსახლეობაც კვდება.

 

"4 აპრილს, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გაეროში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რაც უკრაინაში ხდება ომია და ომში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი არ გამოირიცხება. სიმართლე ის არის, რომ რუსეთის უკანონო აგრესიის ომში არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, რუსეთი შეგნებულად აწარმოებს ამ ომს უკრაინელი ხალხის დატერორებისთვის და დასახოცად. ბუჩასა და ირპინში მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს და დაანაწევრეს. სამხედრო სამიზნეები ჰოსპიტალებისგან და სკოლებისგან არ განურჩევიათ," - განაცხადა ვუდვორდმა.

 

უშიშროების საბჭოზე ჩინეთი შეეწინააღმდეგა დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღებას და ისევ მოლაპარაკების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

მოხსენების დროს, ვასილი ნებენზია კიდევ ერთხელ შეეცადა უშიშროების საბჭოზე მოსკოვის პროპაგანდა და დეზინფორმაცია გაევრცელებინა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები, რუსეთის მისამართით, უმწვავესი იყო.

 

ალბანეთის ელჩმა გაეროში, ფერიტ ჰოჯამ, ​რუსეთი, თავისი ქმედებებით, ურჩხულს შეადარა.

 

"კიევის გარშემო, 1200 ცხედარი აღმოაჩინეს. თითქმის ყველა სამოქალაქო პირი თავში ნასროლი ტყვიით არის მოკლული. გახსოვთ, კრემლი უკრაინელებს ძმებად განიხილავდა და მათ კლავენ. როდესაც შენი ოჯახის წევრს კლავ, ურჩხული ხარ" - განაცხადა ჰოჯამ.

 

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს მონაცემებით, 6731 სამოქალაქო პირია დაღუპული. საკუთარი სახლი იძულებით 13-მა მილიონმა უკრაინელმა მიატოვა. ამერიკის ელჩმა დღეს მოუწოდა საბჭოს წევრებს, ნუ საუბრობენ იმაზე, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს, რადგან პასუხისმგებელი მხარე ერთია.

 

გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი სახელმწიფო უკვე შეერთებული შტატებია. მან ეს ვალდებულება ბრიტანეთისგან როტაციით გადაიბარა. ბრიტანეთიც და შეერთებული შტატებიც ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის იზოლირება გაგრძელდება.

 

რუსეთის დელეგაციას გაეროში დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი მცდელობა ექნება. ვასილი ნებენზიამ სხდომის ჩატარება მოითხოვა, რომელზეც, მისი თქმით "უკრაინის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევა" უნდა იყოს განხილული.

 

 

 

დღის ამბები