სახვითი ხელოვნების მუზეუმში ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მეგობრობისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია გაიხსნა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებისა და მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტო არქივის ხილვა დამთვალიერებელს 15 მაისამდე შეეძლება.
მუზეუმში ასევე გამოფენილია ისტორიული ექსპონატები, პირადი ნივთები და ჰეიდარ ალიევის მიერ ედუარდ შევარდნაძისთვის გადაცემული საჩუქრები.
გამოფენის მიზანი ორი ლიდერის მიერ განხორციელებული ისტორიული პროექტების ჩვენებაა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, როდესაც ენერგომატარებლების ალტერნატიული დერეფნები სულ უფრო აქტუალური ხდება.
გამოფენა სახვითი ხელოვნების მუზეუმში აზერბაიჯანის საელჩოს დახმარებით იმართება და ჰეიდარ ალიევის 99 წლის იუბილეს უკავშირდება.