15 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
იმედს ვიტოვებთ, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული - ომბუდსმენის მოადგილე

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნების შეტანას ადვოკატები პენიტენციურ დაწესებულებაში დღესვე აპირებენ. საუბარია რამდენიმე პუნქტზე, რომელთა შესრულების გარეშეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს გადავიდეს "ვივა მედიში". მოთხოვნებს შორის არის მნახველებზე შეზღუდვის მოხსნა, ასევე გამოკვლევების პროცესში, მისი ექიმების ჩართვა.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას "ნაციონალური მოძრაობა" დადებითად აფასებს, თუმცა ძალაში რჩება პარტიის მთავარი მოთხოვნა, ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობა.

"ნაციონალურ მოძრაობის" წევრის გიორგი ბოტკოველის შეფასებით, ყველა ის მოთხოვნა, რაც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია, ხელისუფლების მხრიდან უნდა იქნას შესრულებული.

ამასთან, ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან, ყველა ის ნაბიჯი გადაიდგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

"იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც პენიტენციური სამსახურისგან იქნება გადადგმული, პატიმრის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ჩვენი მოწოდება არის სწორედ ის, რომ პატიმარს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა მიეწოდოს და მიმღებლობა ბუნებრივია, პაციენტის მხრიდანაც.

თუ ადგილზე რაღაცა ვერ იქნება უზრუნვველყოფილი, ბუნებრივია სამედიცინო სერვისის მიწოდება უნდა განვიხილოთ, მათ შორის, სხვა ქვეყნის სამედიცინო სერვისების გათვალისწინებით," - აღნიშნა ომბუდსმენის მოადგილემ.

დღის ამბები