თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ბაკურიანში, დიდველისა და კოხტა-მიტარბის სათხილამურო არეალში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება. 28 კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტი, რომელიც ყველაზე მასშტაბურია აქამდე განხორციელებულ პროექტებს შორის, 2022 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
ხელოვნური გათოვლიანების პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად "ემ თი ეიმ" (შპს „მთის ტრასების სააგენტო“) ბაზრის კვლევა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) რეკომენდაციითა და კონკურსის წესით შერჩეული საპროექტო იტალიური კომპანია “Pro Alpe“ მიერ განისაზღვრა კურორტის გათოვლიანებისთვის საჭირო თანხის ოდენობა, რომელმაც ასევე გაიარა ექსპერტიზა. ბაზრის კვლევის შედეგად შეირჩა კომპანია, რომელმაც პროექტის შესრულების ბიუჯეტი - 99.9 მლნ. ლარი წარმოადგინა და დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, რომელიც, მათ შორის, გულისხმობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის შექმნის გამოცდილებას ზამთრის ოლიმპიადაზე, მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასებზე.
2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებას, რომლის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს შესაბამისი საინვესტიციო გარემოს გაუ,ჯობესებას, ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს სათხილამურო კურორტების განვითარებას, რაც დადებითად აისახება სამთო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.
მსოფლიო რუკაზე საქართველო საპატიო ადგილს იკავებს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით და აღსანიშნავია, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას.