26 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
ფსიქიკური პრობლემები, თუ თავდაცვის სტრატეგია - კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ცოლი ავტობუსში მოკლა, ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს

ფსიქიკური პრობლემები თუ თავდაცვის სტრატეგია - კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ცოლი დანით, ავტობუსში მოკლა, ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს. ამის მიუხედავად, ბრალდებული დანაშაულს არ უარყოფს და ნანობს კიდეც. იყო თუ არა ის შერაცხადი შემზარავი დანაშაულის დროს, ეს შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

ადვოკატს უკვე გადასცეს საქმის მასალები, რომელშიც ერთ-ერთი მგზავრის მიერ მობილურით გადაღებული კადრები დევს. ჩანაწერი სავარაუდო სასტიკი დანაშაულის ფაქტს ასახავს. პარალელურად გამოძიებამ უკვე ამოიღო საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერიც. ვიდეოკადრები საქმეს მთავარ მტკიცებულებად დაერთვება.

მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან თბილისში გადმოვიდა და ქმართან და 2 შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. 

რა იყო შემზარავი დანაშაულის მოტივი - ამას გამოძიება დაადგენს. 31 წლის ქალის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, ზუგდიდში, მშობლების სახლში გადაასვენეს. საზარელ შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის - მოკლულის დაც.

აქვს თუ არა 38 წლის ბრალდებულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები, გამოძიების ეტაპზე გახდება ცნობილი. როინ მებონიას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ოფიციალურად წარედგინა.

ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ის სავარაუდოდ დაეთანხმება პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს.

დღის ამბები