05 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ყოველდღიურად მწვავდება

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ყოველდღიურად მწვავდება - რუსეთს სამხედრო აგრესია განსაკუთრებით ლუჰანკის ოლქისკენ მიმართული, სადაც ბოლო 24 საათში, იერიშებს 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შესაძლოა, მსხვერპლი მეტიც იყოს. ღამის განმავლობაში სარაკეტო დარტყმები იყო სევეროდონეცკში. დღეს კიდევ ერთხელ დაიბომბა სუმის და ჩერნიგოვის ოლქები.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია მიკოლაევის დაბომბვის შესახებაც, სადაც ბოლო ცნობებით, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.

ჯამში უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში განადგურებულია 60-ზე მეტი კერძო სახლი და საცხოვრებელი კორპუსი - ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაშავდა სუმის ოლქში. ოკუპანტებმა სამი უმართავი რაკეტა გამოიყენეს, დაზიანდა ტაძარი და საბავშვო ბაღი. იერიში მიიტანეს კრივოი როგზეც,  საჰაერო თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.

ხარკოვის ოლქის დაზარალებული ზონები დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა დაათვალიერა. ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში 24 თებერვლის შემდეგ პირველად ჩავიდა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების მებრძოლები სიმამაცისთვის დააჯილდოვა. ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა 30-31 მაისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სპეციალურ შეხვედრასთან დაკავშირებით და თქვა, რომ პარტნიორებისგან პოზიტიურ სიახლეს ელოდება.

ღამემ მშვიდად ჩაიარა ოდესის ოლქში, სიტუაციას სრულად აკონტროლებენ უკრაინელი სამხედროები, მაგრამ შავი ზღვის ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაშია, რაც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდი საფრთხის შემცველია, თუმცა სერგეი ბრატჩუკის თქმით, დასავლეთს მიერ მოწოდებულმა გემსაწინააღმდეგო რაკეტებმა, შესაძლოა ძალთა ბალანსი გაათანაბროს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში რუსული არმიის შვიდი მასშტაბური თავდასხმა მოიგერიეს. მხოლოდ დონეცკსა და ლუჰანსკში, განადგურდა ერთი ტანკი და ექვსი მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა გაანადგურეს "ორლან-10" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

ინტერვენციის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე 600 მილიარდ დოლარს აღემატება,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ - მინისტრმა "ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა. დენის შმიგალმა ის სფეროები ჩამოთვალა, რომელიც აგრესიის ფონზე, განსაკუთრებით დაზარალდა. 

რაც შეეხება ტერიტორიებს, რომელზეც დროებით არ ვრცელდება კიევის კონტროლი - ოკუპირებულ ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთთან ოფიციალურად შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჯერჯერობით არ ჩატარდება. აქ ხერსონის, ოდესის და მიკოლაევის ოლქებში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ელოდებიან. რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაისის ბოლოს იყო დაგეგმილი. რა გახდა გადაწყვეტილების შეცვლის რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები