04 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
"ჯერ კომპრომისი არ არსებობს, შესაბამისად არც შეთანხმებაა, რთულ სიტუაციაში ვართ, ძირითადად ევროკომისიის უპასუხისმგებლო ქმედების გამო" - უნგრეთის პრემიერი 

რა ფორმით დაამტკიცებს ევროკავშირი სანქციების მეექვსე პაკეტს და რა მორიგ დახმარებას გაუგზავნის უკრაინას - ბრიუსელში ორ დღიანი სამიტი ამ წუთებში იწყება.

უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა. შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. ძირითადი სადავო საკითხი კი, რუსეთის ნავთობზე სრული ემბარგოა. წინააღმდეგია უნგრეთი, რომელიც ნავთობის 65%-ს სწორედ რუსეთიდან იღებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, რთული სიტუაცია ძირითადად ევროკომისიის უპასუხისმგებლობის გამო წარმოიქმნა.

"ჯერ კომპრომისი არ არსებობს, შესაბამისად არც შეთანხმებაა. რთულ სიტუაციაში ვართ ძირითადად ევროკომისიის უპასუხისმგებლო ქმედების გამო. შევთანხმდით, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკების გარეშე. საქმე უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებას ეხება, იმის მაგივრად, რომ გადაჭრის გზა არსებულიყო, ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება, რაზეც პასუხისმგებლობა ევროკომისიას ეკისრება.

უნგრეთის პოზიცია მარტივია - ენერგორესურსები სერიოზული საკითხია, ეს თამაში არ არის. ჩვენ გვინდა ჯერ საკითხის გადაჭრა და შემდეგ სანქციები. აქ კი საუბარია ჯერ სანქციებზე, შემდეგ პრობლემის გადაჭრაზე," - ამბობს ვიქტორ ორბანი.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, განხილვის ძირითადი 3 საკითხი არის თავდაცვა, ევროკავშირის გაძლიერება, განახლებადი ენერგია და რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმა.

"თავდაცვა, ევროკავშირის გაძლიერება, განახლებადი ენერგია და რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმა - ეს ჩვენი განხილვის ძირითადი სამი საკითხია. ღიაა მეექვსე პაკეტის თემაც. ეს ჯერ კიდევ არ არის მზად და სანქციების მორიგ პაკეტზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. მარტივი არააა, ეს რთული საკითხი. ვფიქრობ, გადაწყვეტილება უახლოეს 48 საათში იქნება მიღებული. ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ყველას წარმატების ერთი გზა გვაქვს - ეს სოლიდარობა და ერთიანობაა," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით კი, ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით მხარეებს შორის კარგი და კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს.

​"ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით კარგი და კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს მხარეებს შორის. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანად ვიმოქმედოთ. განხილვების დროს ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული თითოეული ქვეყნის სპეციფიკური მდგომარეობა," - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

დღის ამბები