25 აგვისტო 2026,   16:11
ვრცლად
თუ საქართველო სერიოზულად აღიქვამს თავის გზას ევროკავშირისკენ, არ უნდა გადაუხვიოს დემოკრატიის გზას - დღეს, ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას კენჭს უყრის

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას კენჭი დღეს უნდა უყაროს.

აღნიშნულ საკითხზე გამართულ დებატებზე, ევროდეპუტატებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. ევროპელი კანონმდებლები თვლიან, რომ საქართველოში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყანამ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

ევროკომისიის ვიცე - პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო სერიოზულად აღიქვამს საკუთარ გზას ევროკავშირისკენ, მაშინ დემოკრატიის გზას არ უნდა გადაუხვიოს.

"თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია არის აუცილებლი პრეტექსტი თავისუფალი საზოგადოებისთვის, ამით დემოკრატიის პროცესს ვეხმარებით. საქართველო ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, გვაქვს ამბიციური ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ხელშეკრულებები ძირითად თავისუფლებებზე, მაგრამ ვერდიქტი, სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას წინააღმდეგ, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და ასუსტებს ქართულ მრავალწლიან სწრაფვას ევროკავშირისაკენ.

თუ საქართველო სერიოზულად აღიქვამს თავის გზას ევროკავშირისკენ, მაშინ არ უნდა გადაუხვიოს დემოკრატიის გზას. სამწუხაროდ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის მომწყობების და ორგანიზატორების მიმართ სერიოზული გამოძიება არ ჩატარებულა. ნება მომეცით დავასრულო იმით, რომ ევროკავშირი არის საქართველოს პარტნიორი და ეს არის საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.

როგორც იცით, ახლა მიმდინარეობს რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა ახალი რეალობა შექმნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართული პარლამენტი გამოიყენებს ამ შესაძლებლობის ფანჯარას და გააძლიერებს მუშაობას ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და ადამიანის უფლებებზე,  ეს დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად",- აცხადებს ვალდის დომბროვსკისი.
 
ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან სვენ მიქსერი აცხადებს, რომ ბოლო 2 წელიწადში, საქართველოში ძალიან დაიწია მედიის თავისუფლების იანდექსმა და გაუარესდა მისი პოზიციები, რაც მისივე განმარტებით, ნათლად გამოჩნდა სხვადასხვა ადგილებში ულტრამემარჯვენე ჯგუფების აგრესიიდან გამომდინარე. მან ასევე ნიკა გვარამიას საქმეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გვარამია ბუნდოვანი საქმისთვის არის დაკავებული.

"ბოლო 2 წელიწადში, ძალიან დაიწია ქართული მედიის თავისუფლების ინდექსმა და გაუარესდა მისი პოზიციები, რაც ნათლად გამოჩნდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების აგრესიიდან გამომდინარე სხვადასხვა ადგილებში. ბოლო დროს, გვარამიას საქმეზე გამართულმა სასამართლომაც აჩვენა ეს პრობლემა, რომელიც ბუნდოვანი ბრალდებით არის დაკავებული. საქართველოს მთავრობას უნდა გავაგებინოთ, რომ როდესაც საქმე ქართველი ერის სურვილს ეხება, გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში, ჩვენი მხრიდან პოლიტიკა მაშინ არა მხოლოდ ემოციებისა და ფლუსტრაციის გამო შეიცვალა, არამედ ფაქტებსა და ანალიზზე დაყრდნობით. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები უნდა იყოს ფრთხილად დაგეგმილი, რათა გავითვალისწინოთ ქართველი ხალხის ინტერესები",-​ განაცხადა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ მედიის თავისუფლება არის ქართული ჩრდილოვანი მმართველობის პირდაპირი მსხვერპლი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

"რატომ განვიხილავთ ამ საკითხს და რატომ ვართ შეშფოთებული, იმიტომ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის ოჯახში ყოფნას. ჩვენ გვსურს, რომ ქართველი ერი იყოს ევროკავშირის ოჯახის წევრი, მაგრამ ამისათვის არ არის საკმარისი ხალხის სურვილი, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ და ესენია დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება და ა.შ. ამას უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის ხელისუფლება. აქედან მოდის სწორედ ჩვენი წუხილი. მედიის თავისუფლება არის ქართული ჩრდილოვანი მმართველობის პირდაპირი მსხვერპლი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია",  - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.

დღის ამბები