პარლამენტში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოსმენა რამდენიმე საათი გაგრძელდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ოკუპაცია და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა - ეს ის საკითხებია, რაზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა.
ჯუანშერ ბურჭულაძის გამოსვლით კმაყოფილი იყო მმართველი გუნდი. ოპოზიციის შეფასებით კი, მინისტრმა მათ შეკითხვებს თავი აარიდა. კანონმდებლებმა ბურჭულაძეს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მინისტრს საშუალოზე დაბალი დონის მოხსენება ჰქონდა და მან კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო.
"კონკრეტულად ვერ მივიღე კითხვაზე პასუხი. ძალიან საშუალოზე დაბალი დონის მოხსენება ჰქონდა. არავითარი პროგნოზი საქართველოს უსაფრთხოებაზე, არავითარი პროგნოზი ნატოს პერსპექტივაზე, არავითარი პროგნოზი უსაფრთხოების გამოწვევებზე. არავითარი კონკრეტული გეგმა ნატოში რა გეგმით მიდის, სამიტზე ოფიციალურად იქნება თუ არა მიწვეული. მე მოვისმინე მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თავდასხმა," - განაცხადა დეკანოიძემ.
"ქართული ოცნების" წევრის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით კი, მინისტრს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა და მან ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ ისაუბრა.
"თავდაცვის მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ეხება თავდაცვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ისაუბრა თავდაცვის ძალების განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, ისაუბრა რეგიონის უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავდაცვის განვითარების შესაძლებლობის მიმართულებებზე. ასევე, სიღრმისეულად ისაუბრა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ყველა იმ პროგრამაზე, რომელიც დღეს აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში, ასევე ხაზი გაუსვა განსაკუთრებით საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობას," - აცხადებს ჩაჩიბაია.