26 აგვისტო 2026,   03:33
ვრცლად
აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა აქტივისტებმა ბოლო წლებში ხუთჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა - ლევან მაჭავარიანი

"აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა აქტივისტებმა ბოლო წლებში ხუთჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა" - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს და გარე და შიდა ძალების მხრიდან ქვეყანაში არეულობების მცდელობებს ვრცლად მიმოიხილავს.

ლევან მაჭავარიანი იხსენებს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ კამპანიას, ამ კამპანიაში ელჩების მონaწილეობას, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნასა და ჩინურ/არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიებს.

როგორც დეპუტატი წერს, ოპოზიცია და მათი აქტივისტები ემსახურებიან უცხოელ პატრონებს და ქვეყნის შიგნით რამდენიმე ელჩს, მთავარი მიზანი კი, საქართველოს მუდმივი რყევა, საბოტაჟი და დესტაბილიზაციაა, რის გამოც მათ საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.

"აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოლო წლებში ხუთჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა ჩვენს ქვეყანაში. არ ერიდებოდნენ ქვეყნის დამხობაში "რჩევების" აკერმანისგან და ორგანიზაცია "კანვასისგან" მიღებას. ბოლოს "მაკკეინის ინსტიტუტისგან" გზამკვლევიც კი მიიღეს, სადაც გაწერილი იყო, თუ როგორ გადაჰყავდათ პროტესტი სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც, მეტი სიმწვავისთვის, მსხვერპლიც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა. თავიანთ პატრონებთან ერთად, პოლიციელებისა და პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას მშვიდობიან დემონსტრაციად გვასაღებდნენ.

როდესაც აგენტურული პარტიების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემებით არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იყო და ქართველმა ხალხმა ისინი მორიგ ჯერზე დაამარცხა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გვახსოვს მათი თაღლითური კამპანიები 400 000 გაყალბებულ ხმასა და 100 000 ჩამორთმეულ პირადობაზე.

ეს მავნებლები წლების განმავლობაში აწარმოებდნენ შეურაცხმყოფელ კამპანიებს ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ. უბინძურესი მეთოდებით ცდილობდნენ საპატრიარქოს დისკრედიტაციას. აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს LGBT პროპაგანდის ამკრძალავ კანონს, რომელიც აღიარებს მხოლოდ ორ სქესს და გამორიცხავს LGBT დღის წესრიგის შეტანას სკოლებსა და ბაღებში. უკლებლივ ყველა აგენტურული პარტია, მდიდარი NGO და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტი დადგა LGBT პროპაგანდის მხარეს.

რადიკალები არც იმას მოერიდნენ, რომ რამდენიმე მოძალადე პოლიციელის საქციელი 45 000-მდე ჩვენს გმირ პოლიციელზე განეზოგადებინათ და "მოძალადის იარლიყი" ძალოვან უწყებებში მომუშავე ყველა სამართალდამცველისთვის მიეწებებინათ.

გვახსოვს, გარე პატრონებთან მჭიდრო კოორდინაციით, ხელისუფლებისთვის მოქალაქეების კამიტით მოწამვლის დაბრალება. ეს ზღაპარი კიდევ უფრო აბსურდული აღმოჩნდა, ვიდრე სააკაშვილის წამებისა და მოკვლის ამბავი, თან იმის ფონზე, რომ მოწამლული თუთიყუშის გარდა არავინ აღმოჩნდა. აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით.

თქვენი დღის წესრიგი საქართველოს მუდმივი რყევა და საბოტაჟი, დესტაბილიზაცია, მავნებლობა და ჩვენი მოქალაქეების ფაშისტური მეთოდებით იძულებაა, რომ თქვენი შეთხზული ზღაპრები დაიჯერონ.

თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები! ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობის და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის", - წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები