27 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
ომის 109-ე დღეს, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს - ოკუპანტები სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ

ომის 109-ე დღეს, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტები სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მმართველობა ამტკიცებდა, რომ ქიმიურ ქარხანა აზოტში 8 000-მდე უკრაინელი სამხედრო იყო ბლოკირებული, თუმცა ცნობა ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა უარყო.

უკრაინის ორ ოკუპირებულ ქალაქში ხერსონსა და მელიტოპოლში კი მოსახლეობას რუსულ პასპორტებს ურიგებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორია ვითარება ფრონტის ხაზზე.

"ჩრდილოეთის მიმართულებით მტერი განაგრძობს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას ბრიანსკის და კურსკის რეგიონებში. ტერორისტული საფრთხის გაზრდილი დონეა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში. აგრესორმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას როჟკოვიჩის, გრემიაჩის, ლუჰივკასა და პოპივკას რაიონებში. ხარკოვის მიმართულებით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თავდაცვის ძალების მოქმედების შესაჩერებლად მტერი სისტემატიურად ესვრის ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მან საჰაერო იერიში მიიტანა სოფელ მოსპანოვოს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით მტერს აქტიური მოქმედება არ მიუღია. გაიზარდა არტილერიის გამოყენების ინტენსივობა. ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას. სევეროდონეცკში ოკუპანტები ახორციელებენ თავდასხმებს. უკრაინელმა სამხედროებმა სოფელ ვრუბივკასთან შეტევა მოიგერიეს. მტერი ნიკოლაევკას დასახლების მიმართულებით წინსვლასაც ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა დაკარგა ათი ტანკი, თექვსმეტი ჯავშანტექნიკა, შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი, ათზე მეტი მანქანა და ას ორმოცდაათამდე ცოცხალი ძალა," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი ალექსანდრ სტუპუნი.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, ხარკოვის ოლქის ანდრიივკას რაიონში მაღალი სიზუსტის საჰაერო რაკეტებმა უცხოელი დაქირავებულ მებრძოლთა ბაზა გაანადგურეს.

"ხარკოვის ოლქის ანდრიივკას რაიონში მაღალი სიზუსტის საჰაერო რაკეტებმა გაანადგურეს უცხოელი დაქირავებულ მებრძოლთა ბაზა. გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალისა და სამხედრო არჭურვილობის 9 უბანზე, მათ შორის მრავლობითი სარაკეტო სისტემების 5 საცეცხლე პოზიციაზე იერიში მივიტანეთ. გასული დღის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი მიკოლაევის რეგიონში და ერთი Su-25, ხარკივის რეგიონში," - ამბობს ის.

დღის ამბები