20 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
არასრულწლოვან გოგონას ოჯახი 10 წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას აიძულებდა - ექსკლუზიურად, "კურიერის" მიერ მოპოვებული დეტალები და ფაქტები 

არასრულწლოვან გოგონას, ოჯახი 10 წლით უფროს მამაკაცზე იძულებით ათხოვებდა. ცერემონიის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე, მოზარდმა პოლიციაში სალონიდან დარეკა და დახმარება ითხოვა.

შემთხვევა ქვემო ქართლის ერთ - ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. ქორწილის დღეს გაქცეული არასრულწლოვანი პატარძალი, თავშესაფარში გადაიყვანეს. გოგონას შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ უკვე დააკავა მამა. შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს ოჯახის დანარჩენ წევრებს - დედას, ბებიას და ბაბუას.

თუ ვინ აიძულებდა და რატომ არასრულწლოვანს ქორწინებას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს, გოგონას ოჯახში არ ისურვეს. მეზობლები ყვებიან, რომ მოზარდი უფროს მამაკაცზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ დანიშნეს.

სილამაზის სალონში შეტყობინების საფუძველზე მისულ პოლიციას, არასრულწლოვანი გოგონა უკვე საპატარძლო კაბაში დახვდა. რომ არა დროული რეაგირება, შესაძლოა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო, რადგან გოგონა სილამაზის სალონში მომწამვლელი ნივთიერებით იყო მისული. ფაქტს ადასტურებს დაკავებულის ადვოკატიც, რომელიც ამბობს, რომ არასრულწლოვანი შვილის იძულებით ქორწინებაში ბრალდებული მამა, დანაშაულს არ აღიარებს.

საქმეზე გამოძიება 151 - ე, ქორწინების იძულების მუხლით გრძელდება. გოგონას მამას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა.

დღის ამბები