თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ია კვანტალიანის თქმით, ის ელიზბარაშვილის უფლებებს აღარ დაიცავს. ამის შესახებ ადვოკატმა, სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.
"საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება“ - წერს ადვოკატი ია კვანტალიანი.
უფლებადამცველის განცხადებით, საქმის მასალებში გამოკვეთილი გარემოებები და პოზიციური აცდენა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მის პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც საქმეში მონაწილეობის გაგრძელება შეუძლებლად მიიჩნია და შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას პირდაპირ შევეწირე ჩემი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სასწორზე დავდე, რასაც პოლიციური ძალადობა და ტრავმები მოჰყვა.
ექიმების მიერ დანიშნული ერთთვიანი წოლითი რეჟიმის მიუხედავად, ერთი დღეც არ დავწოლილვარ და უწყვეტად ვაგრძელებდი მის დაცვას. თუმცა, საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს.
ასეთ პირობებში დაცვის გაგრძელება ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას. მას ჰყავს ადვოკატთა გუნდი და უადვოკატოდ არ რჩება!" - წერს ია კვანტალიანი.