ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაციის დასრულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობის მემკვიდრეობამ ახალი სიცოცხლე დაიწყო. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა და განხორციელდა. 10 წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, საფრანგეთში ქართველთა მამულს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ჰყავდა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, ლევილის მერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ლევილის მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოა და ორი ქვეყნის პარტნიორობით განხორციელებული მასშტაბური პროექტი, დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა.
რეაბილიტირებულ ლევილს დღეიდან კიდევ უფრო განსაკუთრებული ფუნქცია და დატვირთვა აქვს. ქართველთა მამულში განთავსებულია სამუზეუმო, სასწავლო, საბიბლიოთეკო და სახელოსნო სივრცეები, ასევე აკადემია ქართველი ხელოვანების, ისტორიკოსების, მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის. გაშენებულია ქართული ვენახი და ხეხილის ბაღი. ლევილის რეაბილიტაციასა და მამულის ისტორიულ დატვირთვაზე კულტურის მინისტრმა და ლევილის მერმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და კულტურის ერთგულების კერად იქცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან ერთად, ღონისძიებას ემიგრირებული მთავრობის ოჯახების შთამომავლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ლევილის ქართველთა მამულის სტუმრებს პატრიარქის წერილი იღუმენმა ეფრემმა გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში დღეს ლევილის ქართველთა მამულის ბიბლიოთეკისათვის სპეციალურად გამოცემული წიგნების წარდგენაც გაიმართა, მუსიკალური პროგრამა კი ანსამბლმა "ერისიონმა" წარადგინა.
მთავრობის წევრებმა ლევილის ქართულ სასაფლაოზე პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ხსოვნას.
1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საფრანგეთში, საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე.