პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც გასული 2 წლის პროტესტი ანალიტიკური წერილით შეაჯამა, დღეს ამბობს, რომ ოპოზიციის რეაქცია კიდეც უფრო ამყარებს მის მიერ აღწერილ სურათს. სპიკერი აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობა და დოგმატური მიდგომები ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, თუ როგორ იქცა პოლიტიკური პროტესტი ფსევდორელიგიურ მოძრაობად - საკუთარი რიტუალებითა და ე.წ. სიწმინდეებით.
აქციებზე ვნახეთ არაერთი პერფორმანსიც, რასაც მმართველ პარტიაში სექტანტური რიტუალები უწოდეს. არქივიდან ამოღებული ეს კადრები სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანმა გამოაქვეყნა. დეპუტატმა ამ ფორმით უპასუხა ოპონენტებს, რომლებიც უმრავლესობის შეფასებებს გამოეხმაურნენ.
რა მიზანი და რა დატვირთვა აქვს ასეთ სიმბოლოებს? - ოპოზიციაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
პროტესტი, რომელსაც აქტივისტებმა თავად უწყვეტი დაარქვეს, მმართველი პარტიის შეფასებით, ემსახურება ერთადერთს - მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ყოველდღიური შეკრებებით მოახდინოს თვითაქტუალიზაცია თვითგადარჩენისთვის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ აქციები დიდი ხანია კრახით დასრულდა. ოპოზიცია თავადაც ვერ უარყოფს, რომ პროცესის მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
პროტესტიდან სექტამდე - სპიკერმა ამ საკითხს სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი მიუძღვნა. სპიკერმა დაწერა, რომ აქტივისტებმა, რომლებმაც საკუთარი ქმედებების გამართლება ვერ შეძლეს, ვერც მიზანს მიაღწიეს და ვერც შეცდომები აღიარეს, მარშებითა და სიმბოლური მოქმედებებით, თვითმიზნად რიტუალი აქციეს.