19 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღესვე გამოყარეთ ეს არაკაცები თუ გინდათ..."- ბათუმის ტრაგედიის დროს დაზარალებულის პირველი კომენტარი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ 

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულ მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაზარალებული გია ჩომახიასთვის, დაკავებულებისთვის სასჯელის ზომა მიუღებელია. 

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღესვე გამოყარეთ ეს არაკაცები თუ გინდათ...არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მანქანით რომ დაეჯახება და მართლა რომ  ცოდვაა ის საცოდავი და ამხელა სასჯელს აძლევენ და ამათ 2 და 3 წელი, რაზეა საერთოდ ლაპარაკი?!" - აცხადებს გია ჩომახია.

საქმის პროკურორის განცხადებით კი,  სასამართლო სხდომის ბოლოს გამოიკვეთა ახალი გარემოებები და გამოძიება მათ შესწავლას დაიწყებს. 

"საქმეზე გამოძიების მიერ ჩატარებულია კომპლექსური გამოძიება და აბსოლუტურად ყველა გარემოებასთან დაკავშირებით მოძიებული იქნა ინფორმაციები გამოძიების ეტაპზე. ბრალდებულებმა გარკვეული გარემოებები დააფიქსირეს სასამართლო სხდომების ბოლოს უკვე, ახალი გარემოებები, რომლებიც მათ არ ჰქონდათ ნათქვამი, რა თქმა უნდა, მოხდება ამ გარემოებების შესწავლა," - აცხადებს პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე.

შეგახსენებთ, 2021 წელს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები