26 დეკემბერი 2024,   15:20
ვრცლად
ოქროს მონეტების საქმე - ქურდულ სამყაროსთან სავარაუდო კავშირში მყოფ შვიდივე პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა  ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ქურდულ სამყაროსთან სავარაუდო კავშირში მყოფ შვიდივე პირს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებას დაკავებულების დანაშაულის დამამტკიცებელი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

დაცვის მხარისგან განსხვავებით ბრალდება დარწმუნებულია, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალეულობის დამტკიცება არ გაუჭირდებათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენის კუთხითაც გრძელდება.

კრიმინალური დავის, ურთიერთბრალდებების, საქმის გარჩევებისა და დაპირისპირებების მიზეზი ყალბი ოქროს მონეტები გახდა. გამოძიების მტკიცებით, საქმის ავტორიტეტებთან გარჩევაში ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე - იგივე ლავას ოღლი, ჯეირან კინწურაშვილი - იგივე ხონსკი და ზვიად პაპიაშვილიც იყვნენ ჩართულები.

საქმის გარჩევა საბოლოოდ სპეცოპერაციების სერიით დასრულდა. 7 პირი სამართალდამცველებმა აჭარაში, თბილისსა და რუსთავში აიყვანეს, საზღვარგარეთ მყოფ კიდევ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიებას ნივთმტკიცებად ყალბი მონეტები ჯერ არ ამოუღია. აღმკვეთი ღონისძიების განსაზღვრის შემდეგ საქალაქო სასამართლო საქმის არსებით განხილვაზე გადადის. შემდგომი სხდომა პირველ სექტემბერს არის ჩანიშნული.

დღის ამბები