27 აგვისტო 2026,   16:12
ვრცლად
"სიტუაცია ექვემდებარება სრულად კონტროლს და განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის" - თამარ გაბუნია საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" შესაძლო გავრცელებაზე

"მაიმუნის ყვავილი" პანიკის საფუძველს არ იძლევა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ამშვიდებს. ამის საფუძველი კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაა, ამ დაავადების სწრაფ გავრცელებას მიენიჭოს "საგანგებო მდგომარეობის" სტატუსი. 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში "მაიმუნის ყვავილის" არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

"მაიმუნის ყვავილის" შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მაიმუნის ყვავილი ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებში, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში "მაიმუნის ყვავილის" არცერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ვფიქრობ, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავს, მივიდეს ექიმთან და ექიმი დაუნიშნავს შესაფერის გამოკვლევას და მკურნალობას," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით კი, საქართველო "მაიმუნის ყვავილის" ვირუსს მომზადებული ხვდება. 

"ჩვენ ჯერ კიდევ მაისში, როდესაც პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ამ საკითხთან მიმართებაში დავიწყეთ მზადება რამდენიმე მიმართულებით. პირველი: დაეგზავნა ცირკულარი შესაბამისი განმარტებებით სამედიცინო ქსელს, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე და ეს ასე არის. გავაძლიერეთ ჩვენი ლაბორატორიული ზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები, რაც გულისხმობს, რომ, ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR ტექნოლოგიის ისე გენომის სეკვენირებით დავსვათ ეს დიაგნოზი," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 




დღის ამბები