21 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
გლოვის დღეს მუსიკის ჩართვის გამო დაწყებული კამათი, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა - რა მოხდა ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში

ბათუმში რესტორნის მეპატრონე, სადაც სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ჟურნალისტების დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და მედიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

დაპირისპირების კადრები, რესტორნის მოპირდაპირე შენობიდან მოქალაქემ მობილურით გადაიღო, სადაც ჩანს, რომ 40-მდე პირი ერთმანეთს ხელით და სხვადსხვა ნივთებით უსწორდება. მასალაში ჩანს, რომ დაპირისპირებული მხარეების გაშველებას, თავად სტუმრები ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბანკეტის სუფრაზე მსხდომები, კონკრეტული სიმღერის შესრულებას ითხოვდნენ, ამან რესტორანში მყოფების ნაწილი გააღიზიანა იმ მიზეზით, რომ სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, ქვეყანაში გლოვის დღე იყო გამოცხადებული.

სუფრის წევრების ჩხუბის შედეგად, დაზიანდა რესტორნის ინვენტარი. ინციდენტში მონაწილე პირებს კი, როგოც "ბათუმი ვორლდ პალასში" ამბობენ, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირვებიათ.

რატომ არ ჩაერთო ინციდენტში სასტუმროს დაცვა - ამ კითხვაზე რესტორნის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ სამართალდამცველების მისვლის შემდეგ,  ადგილზე ვითარება განიმუხტა. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე თითქმის ყველა პირი იმ ღამესვე განყოფილებაში გადაიყვანა და გამოკითხა. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებას მონაწილე ყველა პირი დადგენილი ჰყავს.

შინაგანს საქმეთა სამინისტრომ ბათუმის ცენტრში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. გამოკითხვები პოლიციის განყოფილებებში ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები