26 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
უკრაინის ომის 167-ე დღე - რუსულმა ჯარებმა ქალაქ ნიკოპოლის მიმართულებით 120 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

დღეს, დილიდან, ინტენსიურად იბომბება დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი, რუსულმა ჯარებმა ქალაქის მიმართულებით 120 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ზუსტდება.

ინტენსიური დაბომბვები გრძელდება ზაპოროჟიის ოლქში. უკრაინული სახელმიფო კომპანია "ენერგოატომის" ინფორმაციით, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ძალების თავდასხმებს დონეცკის ოლქში, დაშავებულია 19 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა სუმის ოლქში, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონი 130-ჯერ დაიბომბა.

1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს ქალაქ ხარკოვში - დაზიანებულია ადგილობრივი თბოელექტროსადგური.

"ხარკოვის მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფები ტანკების, ლულისა და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით ცდილობენ შეაკავონ თავდაცვის ძალების წინსვლა, მათ მიერ დროებით დატყვევებულ ტერიტორიაზე. ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ბოგოროდიჩნის მახლობლად. დონეცკის მიმართულებით, მტერი ცდილობს მაქსიმალური დანაკარგები მიაყენოს ჩვენს ქვედანაყოფებს. ნოვოპავლივსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, მტერმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანა," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

დღის ამბები