21 დეკემბერი 2024,   20:06
ვრცლად
თბილისის საგამოფენო სივრცეში, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის როლანდ შალამბერიძის გამოფენა გაიმართა

"ყველაფერი, რასაც უყურებ, ხელოვნების ნიმუშია, მთავარია ვის და სად აჩვენებ მას" - ასე ფიქრობს მხატვარი როლანდ შალამბერიძე, რომელმაც სახვითი ხელოვნება, მუსიკა, პერფორმანსი, ლიტერატურა, ვიდეო-არტი, თბილისის ცისფერი გალერეის ერთ საგამოფენო სივრცეში გააერთიანა.

ქართველი მხატვრის რეტროსპექტული გამოფენა, დამთვალიერებელს მაგიურ სამყაროში ამოგზაურებს. მხატვრის ხელით შექმნილ თითქმის ყველა ტილოს კი საკრალური ღიმილი თან სდევს. ხელოვანის ნამუშევრებს წლებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და ფინეთი მასპინძლობს.

მხატვრის შემოქმედებას კიდევ უფრო მრავალფეროვან ხდის შემოქმედებითი კლუბი ,,თეთრი ფრთები“, underground-ის საპირწონე მიმდინარეობა upperground, რომელიც ახალი მხატვრული ხედვის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და ექსპერიმენტული მუსიკის ჯგუფი white out,, რომელიც საკუთარი მუსიკით ცდილობს სტანდარტების დამსხვრევას და მსმენელს განსხვავებული სტილის კომპოზიციებს სთავაზობს.

აბსტრაქციონისტ, კონცეპტუალისტი, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატ როლანდ შალამბერიძის მხატვრობაში, ისევე, როგორც მის პოეზიაში, სიურეალისტური სახეები უწყვეტად მოედინება.

როლანდ შალამბერიძე როგორც მხატვარი, პოეტი და მუსიკოსი, სამშობლოში კიდევ არაერთ გამოფენას გეგმავს. ის ხატავს ფუნჯით, სიტყვითა და ბგერით. რეტროსპექტული გამოფენაც როლანდ შალამბერიძის მუსიკით გაიხსნა. დასწრება და მისი განვლილი გზისთვის თვალის გადავლება კი თბილისის ცისფერ გალერეაში უკვე შესაძლებელია.

ავტორი: ნინი ბიჩინაშვილი. 

დღის ამბები